კატარი 2022 | განრისხებული მესი - მან ხისტად გააკრიტიკა ვან გაალი და მსაჯები, შეუტია ვეგჰორსტს #1TVSPORT
კატარი 2022 | განრისხებული მესი - მან ხისტად გააკრიტიკა ვან გაალი და მსაჯები, შეუტია ვეგჰორსტს #1TVSPORT

ნიდერლანდებთან მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ჯერ გამარჯვება იზეიმა, შემდეგ კი მეტოქის მთავარ მწვრთნელთან მივიდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, მესიმ ლუი ვან გაალს ჰკითხა: „აბა, შეძელი ჩემი შეჩერება?“ და სახასიათო ჟესტიც დაურთო თან.

შემდეგ მესი ინტერვიუს მისაცემად წავიდა და იქ გააგრძელა ნიდერლანდების დამრიგებლის კრიტიკა:

„ვან გაალი თვალებში ნაცარს აყრის ყველას, როცა ამბობს, რომ მხიარულ ფეხბურთს თამაშობს. სინამდვილეში, ისინი უბრალოდ მაღალ ფეხბურთელებს უშვებენ საჯარიმოში და იქ ბურთს აგდებენ“.

პირდაპირ ფლეშინტერვიუს მსვლელობისას, მესიმ უხეშად მიმართა ვაუტ ვეგჰორსტს. კადრში მოხვდა სიტყვები: „რას იყურები, იდიოტო?! გზა განაგრძე!“

მესიმ ახსნა: „მათი მე-19 ნომერი (ვეგჰორსტი) მოდიოდა ჩვენთან და ჯერ კიდევ მატჩამდე ცდილობდა ჩვენს პროვოცირებას“.

გარდა ამისა, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა მსაჯებსაც შეუტია:

„მსაჯმა მინდორი დახარა. მათ უნდოდათ, რომ მოწინააღმდეგეს ანგარიში გაეთანაბრებინა. საქმე მხოლოდ დამატებულ 10 წუთში არ არის. არ ვილაპარაკებ მსაჯებზე, რადგან სამართლიანი ვერ ვიქნები – ამის გამო აჯარიმებენ“.

როცა მესი დაწყნარდა, მან ახსნა, რატომ მისცა თავს ამდენი ემოციის უფლება:

„გაბრაზებული ვიყავი იმის გამო, რომ ისეთმა გამოცდილმა მწვრთნელმა, როგორიც ვან გაალია, თავს უფლება მისცა, უპატივცემულობა გამოეხატა. ის მიუღებელ რამეებს ამბობდა არგენტინის ნაკრების მისამართით. მათი მწვრთნელი პატივს არ გვცემდა. მე მეტოქის მიმართ ყოველთვის პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ისიც მომწონს, როცა მეც პატივს მცემენ. მათ კი ასეთი დამოკიდებულება არ ჰქონდათ“.