კატალონელი პოლიტიკოსების დაპატიმრებას ბარსელონაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა
კატალონელი პოლიტიკოსების დაპატიმრებას ბარსელონაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა

ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ კატალონელი პოლიტიკოსების დაპატიმრებას ბარსელონას ქუჩებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა.

როგორც BBC იუწყება, ბარსელონაში, სამართალდამცველებთან შეტაკების დროს, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

საპროტესტო გამოსვლები მოეწყო კატალონიის სხვა ქალაქებშიც. კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა აქციის მონაწილეებმა დაწვეს ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და მეფე ფელიპეს სურათები.

23 მარტს, მადრიდში, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კიდევ ხუთი კატალონელი პოლიტიკოსის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ხუთ ბრალდებულს შორის ერთ-ერთი ჟორდი ტურულია, რომელიც კატალონიის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. 

აღსანიშნავია, რომ მათ გარდა, პატიმრობაში უკვე იმყოფება კიდევ ოთხი კატალონელი პოლიტიკოსი, მათ შორის კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი.

ამბოხის, სახელმწიფო თანხების გაფლანგვისა და დაუმორჩილებლობისთვის ბრალი სულ 25 კატალონელ პოლიტიკოსს აქვს წაყენებული.

ასევე, 23 მარტს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონისა და მისი კაბინეტის კიდევ ოთხი წევრი პოლიტიკოსის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.

ამას გარდა, გაცემულია პარტია „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელების” გენერალური მდივნის მარტა როვირას დაკავების საერთაშორისო ორდერი.

მარტა როვირა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და ესპანური მედიის ცნობით, შვეიცარიაში იმყოფება.