სასამართლომ კატალონიის ხუთი სეპარატისტი ლიდერის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო
სასამართლომ კატალონიის ხუთი სეპარატისტი ლიდერის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ხუთი სეპარატისტი ლიდერის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მათ ამბოხში მონაწილეობისთვის გაასამართლებენ.

ხუთ პოლიტიკოსს შორის კატალონიის რეგიონის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟორდი ტურულია. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, სულ ამბოხის, სახელმწიფო თანხების გაფლანგვისა და დაუმორჩილებლობისთვის 25 კატალონიელი პოლიტიკოსი გასამართლდება.

ამას გარდა, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუიჩდემონისა და მისი კაბინეტის კიდევ ოთხი წევრი პოლიტიკოსის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.

გაცემულია პარტია “კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელების” გენერალური მდივნის მარტა როვირას დაკავების საერთაშორისო ორდერი. მარტა როვირა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და ესპანური მედიის ცნობით, შვეიცარიაში იმყოფება.

2017 წლის დეკემბერში ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ბელგიაში მყოფი პუიჩდემონისა და მისი ოთხი თანაგუნდელის დაკავების ორდერი გააუქმა, ვინაიდან ხუთივემ ესპანეთში დაბრუნებისა და რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.

22 იანვარს ესპანეთის პროკურატურამ სასამართლოს პუიჩდემონის დაკავების ორდერის ხელახლა გაცემის თხოვნით მიმართა, რადგან კატალონიის ყოფილმა ლიდერმა ბელგია დატოვა და დანიაში ჩავიდა. თუმცა მაშინ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კატალონიის მთავრობა და პარლამენტი 2017 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაითხოვა, რაც მან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარა და “კატალონიის სუვერენული რესპუბლიკა” გამოაცხადა.