კატალინ გერმანი - ვიმედოვნებთ, საქართველოსთვის დამატებითი ინვენტარის გადმოცემით ხელს შევუწყობთ ქვეყანაში მიმდინარე კამპანიას, რითაც საბოლოოდ დაძლევს პანდემიას
კატალინ გერმანი - ვიმედოვნებთ, საქართველოსთვის დამატებითი ინვენტარის გადმოცემით ხელს შევუწყობთ ქვეყანაში მიმდინარე კამპანიას, რითაც საბოლოოდ დაძლევს პანდემიას

ვიმედოვნებთ, საქართველოსთვის დამატებითი ინვენტარის გადმოცემით ხელს შევუწყობთ ქვეყანაში მიმდინარე კამპანიას, რითაც საბოლოოდ დაძლევს პანდემიას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე კატალინ გერმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმართება.

მისი თქმით, ევროკავშირს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად წვლილი შეაქვს საქართველოში დაწყებულ მასობრივი ვაქცინაციის კამპანიასა და ვაქცინების განაწილებაში.

„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. ეს პროექტი განხორციელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად. მისი მეშვეობით, ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს მიერ წამოწყებულ ვაქცინაციის კამპანიასა და ვაქცინების განაწილებაში. ამით ხელს ვუწყობთ მასობრივ ვაქცინაციას, რომელიც ახლახან დაიწყო ქვეყანაში.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არ არის პირველი შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. ერთ-ერთი პირველი ეხებოდა დამცავი საშუალებების გაკეთებას, რითაც სამედიცინო პერსონალს ექნებოდა საშუალება, ყოფილიყო უკეთ აღჭურვილი და გამკლავებოდა პანდემიის გამოწვევებს. ასევე იყო პროექტი, რომელიც თებერვალში განხორციელდა და რომლის ფარგლებშიც მოხდა გარკვეული აღჭურვილობის მოწოდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხელს შევუწყობთ საქართველოში მიმდინარე კამპანიას, რითაც მოხდება პანდემიის საბოლოო გადალახვა და დაძლევა“, – განაცხადა გერმანმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ევროკავშირი საქართველოს 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.

„ეს გახლავთ ფართომასშტაბიანი დახმარების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარებას და ეს მოიცავს ყველა მიმართულებას. მისი მეშვეობით ხდება ანტიკრიზისული საქმიანობის მხარდაჭერა სამედიცინო მიმართულებითაც, ამავე დროს გულისხმობს ეკონომიკურ და სოციალურ კომპონენტსაც. ამ მასშტაბური დახმარების შედეგად, საქართველო გახლავთ დახმარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ევროკავშირის მხრიდან, ერთ სულ მოსახლეზე თუ გამოვიანგარიშებთ.

მოგეხსენებათ, ევროკავშირი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი „კოვაქსის“ პლატფორმაში, რისი მეშვეობითაც ხდება ვაქცინების გადანაწილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის ერთი მიმართულება, რომელსაც ჯანმოსთან ერთად ვახორციელებთ, ხოლო მეორე მიმართულება არის უკვე ევროკავშირის ქვეყნების ცალკეული ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ინდივიდუალურად ეხმარებიან. ეს გახლავთ ის მიმართულებები, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ცდილობს, ხელი შეუწყოს ვაქცინაციას, ვაქცინების განაწილებას და პანდემიის რაც შეიძლება სწრაფად დაძლევას“, – განაცხადა კატალინ გერმანმა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს დამატებითი ინვენტარი გადასცეს, რათა მასობრივი ვაქცინაცია ტექნიკურად გამართულ გარემოში მიმდინარეობდეს.