კასპერ ჰიულმანდი - ფილოსოფოსი მწვრთნელი, რომელმაც დანიის ნაკრებს იდენტობა შესძინა #1TVSPORT
კასპერ ჰიულმანდი - ფილოსოფოსი მწვრთნელი, რომელმაც დანიის ნაკრებს იდენტობა შესძინა #1TVSPORT

კასპერ ჰიულმანდი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც 80-იანი წლების „აიაქსის“ მატჩები ნახა. კრუიფის გუნდის თამაშმა მისი მსოფლმხედველობა მთლიანად შეცვალა. ბიჭი მიხვდა, რომ ფეხბურთი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ის, რასაც დანიაში ხედავდა.

90-იანებში ბარსელონაზე გადაერთო და ერთხელ გუნდის ვარჯიშზე დასწრებაც კი მოახერხა. სწორედ მაშინ მიხვდა, რა აკლდათ დანიელებს.

​„სახლში დაბრუნებულმა ბევრი რამ გავიაზრე და მივხვდი, ჩემს ქვეყანაში პროფესიონალურ სპორტს ძალიან მოკლე ისტორია ჰქონდა. შესაბამისად, ბევრი რამ არ ვიცოდით. მაგალითად, ჩვენთან თვლიდნენ, რომ სპორტსმენს დიეტა არ სჭირდებოდა. როდესაც „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მედლები 55 ადამიანს გადასცეს. მათგან ფეხბურთელი მხოლოდ 25 იყო, დანარჩენები სამწვრთნელო შტაბის წევრები და გუნდის პერსონალები იყვნენ. ეს გამოცდილება ჩვენც აუცილებლად უნდა გაგვეზიარებინაო“, – იხსენებს ჰიულმანდი.

ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა. 19 წლის იყო, როცა მუხლის ტრავმა მიიღო. 7 წლისა და 10 ოპერაციის შემდეგ მიხვდა, რომ კარიერას ვეღარ გააგრძელებდა. ამბობს, რომ მაშინ თავის ოცნებას დაუსვა წერტილი და შეწყვიტა იმის კეთება, რაც ყველაზე ამაღელვებლად მიაჩნდა ცხოვრებაში.

26 წლის იყო, როცა საფეხბურთო კლუბის „ლიუნგბლუს“ დირექტორმა ურჩია, მწვრთნელობა დაეწყო. მომდევნო რვა წელი სწორედ ამ კლუბში გაატარა. თავიდან 18 წლამდე ფეხბურთელები ჩაიბარა, ბოლოს ძირითად გუნდს წვრთნიდა. უკან არ დაუხევია, როცა „ლიუნგბლუ“ გაკოტრდა. მაინც ყოველდღე, დილის 6 საათზე, მიდიოდა ვარჯიშზე, თავისივე ნაყიდი კამერით ადიოდა სტადიონის სახურავზე და საწვრთნელ პროცესსა და თამაშებს იღებდა. თავადვე ამონტაჟებდა, ადგენდა სტატისტიკას და ფეხბურთელებთან ერთად განიხილავდა თითოეულ დეტალს.

შემდეგ „ნორდშელანდში“ გადავიდა. მალე აქაც მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა და გუნდს პირველი და ჯერჯერობით, უკანასკნელი ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. 2014-ში „მაინცში“ მიიწვიეს, სადაც მხოლოდ 8 თვე გაძლო.

„გულუბრყვილო რომანტიკოსს მეძახდნენ. ექსპერიმენტების მომხრე ვიყავი, არ მიყვარდა, როცა ჩარჩოებში მაქცევდნენ. შედეგი ჩემთვის უმთავრესი არ იყო. ზოგადად, თუ გსურს, უფრო მაღალ დონეზე ახვიდე, სიახლეებს არ უნდა შეუშინდე. მხოლოდ იმაზე ფიქრი, რომ არ დამარცხდე, მოსაწყენია“, – იხსენებს იმ პერიოდს დანიელი.

მწვრთნელობის პარალელურად, ჰიულმანდი ბავშვთა ფეხბურთის რეფორმაზე მუშაობდა. მოიძია სხვა ქვეყნების მაგალითები და დაასკვნა, რომ დანიაში ბავშვებს არასწორად ავარჯიშებდნენ.

„ეზოში 2-2-ზე თამაშისას ბავშვები ბევრ რამეს სწავლობენ. რაც დრო გადის, ისინი სულ უფრო იშვიათად თამაშობენ ფეხბურთს ეზოში. მიდიან პირდაპირ გუნდში, სადაც დიდ მოედანზე 11 11-ის წინააღმდეგ დარბიან. შედეგად, მთელი მატჩის დროს ერთ ბავშვს სულ 3-ჯერ, 4-ჯერ ეძლევა ბურთთან შეხების შანსი. ისინი ინტერესს კარგავენ და ვერც ვერაფერს სწავლობენ. ფეხბურთს ხომ სწორედ თამაშის დროს სწავლობ. როგორ აინშტაინმა თქვა, თამაში კვლევა-ძიების უმაღლესი ფორმააო“, – განაცხადა ჰიულმანდმა.

მას დანიის ფეხბურთის კავშირშიც მოუსმინეს და სკოლებში 5-5-ზე ფეხბურთი დანერგეს. შეამცირეს სტადიონებისა და კარების ზომაც. ჩამოყალიბდა ახალი სისტემაც, რომლის შედეგებს იუსუფ პოულსენის, პიერ-ემილ ჰოიბერგის, ანდრეას კრისტენსენის, რიზა დურმისისა და კრისტიან ნერგორის სახით უკვე ვხედავთ.

 

ყოველივე ამასთან ერთად, კასპერ ჰიულმანდი ფილოსოფიის დიდი მოყვარულია. ჯერ კიდევ მოზარდობის დროს დაიწყო იმ იდეის ძებნა, რომლისაც უნდა რომ სწამდეს. მის ბიბლიოთეკაში ნახავთ სარტრის, კამიუს, კერკეგორის ნამუშევრებს.

„მაინტერესებს, რა აქცევს აზრს მოქმედებად. აზროვნების პროცესი საოცარია. სულ ვფიქრობ, რამ აიძულა ჰიუგო მაისლი ეფიქრა იმაზე, რომ ფეხბურთის თამაში სულ სხვაგვარად არის შესაძლებელი, ან რამ უბიძგა რინუს მიხელსს ტოტალურ ფეხბურთზე დაფიქრებისკენ, რა უნდოდა არიგო საკის და სხვებს. საიდან მოდიან ეს იდეები და როგორ ვაქციოთ ისინი რეალობად“.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჰიულმანდზე დანიელი ეგზისტენციალისტის კერკეგორის იდეებმა მოახდინა. ის იმ ინდივიდების ემოციებსა და გრძნობებს იკვლევდა, რომლებიც ცხოვრებისეული არჩევანის წინაშე დგებიან.

„შემიძლია საათობით ვიჯდე და ვიფიქრო იმაზე, რა არის ცხოვრების აზრი, რა მანიჭებს ბედნიერებას. რა ღირებულებები უნდა გადავცე ბავშვებს, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთონ, იპოვონ ის, რასაც ეძებენ და ბედნიერები იყვნენ.“

როდესაც დანიის ეროვნულ გუნდში მიიწვიეს, ნაკრების ყველა იმ ძველი მატჩის ჩანაწერი ნახა, რომლის მოძიებაც შეძლო. შთაგონებას ეძებდა. სურდა ეპოვნა ის, რაც ამ გუნდის იდენტობას გაუსვამდა ხაზს, რადგან თვლიდა, რომ იდენტობის გარეშე ნაკრები ვერ შედგებოდა. შეხვდა ხელოვანებს, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, უფრო მეტი გაიგო საკუთარ ქვეყანაზე და დაასკვნა, რომ დანიელთათვის უმთავრესი იყო ოთხი რამ: საიმედოობა, ურთიერთპატივისცემა, პირდაპირობა და გულწრფელობა. თუ ეს ყოველივე იქნებოდა გუნდში, ის შეძლებდა გულშემატკივრების გულებში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. მათ შორის უხილავი ძაფები გაიბმებოდა.

ჰიულმანდი დარწმუნებულია, რომ ნაკრების თამაშის სტილმა ეროვნული იდენტობა უნდა დაგვანახოს, რომ გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი ლამაზი თამაშია, რომელიც გულს გიჩქარებს. გუნდის ისტორია ადამიანის ისტორიას უნდა ჰგავდეს, უნდა იყოს დაცემაც და წამოდგომაც, უნდა იყოს მუდმივი ბრძოლა. მას ენდობიან და უყვართ, თუმცა არ იცის ეს როდემდე გაგრძელდება. პოსტის დაკარგვის არ ეშინია, ამბობს, რომ საქმეს ყოველთვის გამონახავს. აინტერესებს ხელოვნება და პოლიტიკა. ერთხელ დააკვირდა, როგორ მუშაობდა მის აივანზე დურგალი და მას შემდეგ ხისგან სხვადასხვა ნივთის დამზადებაც დაიწყო. როდესაც შვილები ეყოლა, დედაქალაქი სოფელზე გაცვალა. ბუნებასთან ჰარმონიაში თავს ყველაზე კარგად გრძნობს. ჰიულმანდი ამბობს, რომ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა ეჭვია.

„ზოგი ამას სისუსტედ მიიჩნევს, ჩემთვის კი ეს წარმატების გზაა. საუკეთესო მატჩები მაშინ მქონდა, როცა ვხვდებოდი მოწინააღმდეგეს და წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა.“

დატოვე კომენტარი