კარლ ჰარცელი საქართველოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
კარლ ჰარცელი საქართველოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს” ინიციატივით, საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი კარლ ჰარცელი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და DCFTA-ის (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) იმპლემენტაციის პროცესი.

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” ხელმძღვანელის, ზვიად ჭუმბურიძის თქმით, შეხვედრაზე კარლ ჰარცელს სამუშაო გეგმა შესთავაზეს, რომელიც ითვალისწინებს ქართული ბიზნესის უფრო მეტ ჩართულობას ევროპულ ბაზარზე.

„30-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა, სადაც შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენი წინადადებები, ჩვენი ხედვები გავაცნოთ ელჩს, განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულებისა და  თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებები, რა პერსპექტივებია, რა გამოწვევებია და რა სირთულეებია. ჩვენ შევთავაზეთ კარლ ჰარცელს სამუშაო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქართული ბიზნესის უფრო მეტ კონტაქტს, უფრო მეტ ჩართულობას ევროპულ ბაზარზე, ასევე დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, ერთ-ერთია სასამართლოს მიმართულებით თემატიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სურვილი გვაქვს, ჩამოვაყალიბოთ ერთგვარი მონიტორინგის მისია „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოსთან“, ამ მონიტორინგის მისიას ექნება მხოლოდ ერთი ფუნქცია, რომ დააკვირდეს, თუ როგორ ვითარდება ბიზნესის მხრივ დაყენებული პრობლემატური საკითხის განხილვა სასამართლო ხელისუფლებაში და რაც მთავარია, როგორი შედეგები დადგება“,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, მომავალ წელს ბრიუსელში იგეგმება დიდი მასშტაბის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კონფერენცია, რომელიც იქნება კიდევ ერთი გზავნილი გაიგზავნოს ევროპისთვის, რომ, საქართველოში ევროპასთან ვაჭრობა პრიორიტეტია.

„შეიძლება ასევე, ამ კონფერენციას ჰქონდეს პოლიტიკური დატვირთვა, გაკეთდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ დღეს, როგორც არასდროს, უფრო მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ევროპული მიმართულება ეს არის შეუქცევადი, შეუცვლელი და განსაკუთრებულად სწორედ ახლა გვჭირდება დაჩქარებული ტემპით ევროპასთან თანამშრომლობა” – განაცხადა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” ხელმძღვანელმა, ზვიად ჭუმბურიძემ.

დაარსების დღიდან „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო” მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის დელეგაციასთან საქართველოში. თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა არა ერთი კონფერენცია, ბიზნესფორუმი, სემინარი და ბიზნესსექტორის პირისპირ შეხვედრა ევროკავშირის ელჩებთან.

კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა და 1ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრ კომპანიებთან პირველ შეხვედრას გამართავს.