კარლ ჰარცელი - საარჩევნო კამპანიის პროცესში ვართ, რაც ხაზს უსვამს, რომ დავით გარეჯის საქმეზე უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი გამოძიება
კარლ ჰარცელი - საარჩევნო კამპანიის პროცესში ვართ, რაც ხაზს უსვამს, რომ დავით გარეჯის საქმეზე უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი გამოძიება

საარჩევნო კამპანიის პროცესში ვართ, რაც ხაზს უსვამს, რომ დავით გარეჯის საქმეზე უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველასათვის აშკარაა, რომ ეს სენსიტიური საკითხია.

„აშკარაა, რომ ახლა არის მინდინარე გამოძიების პირველი დღეები და მე სხვების მსგავსად, უნდა ვიმოქმედო სიფრთხილით. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია ბევრი კუთხით. ამავე დროს, ჩვენთვის და ყველასთვის აშკარაა, რომ ეს საკითხი არის სენსიტიური. როგორც აღინიშნა, მასში არის საგარეო პოლიტიკის განზომილება, რასაც სიფრთხილით მიდგომა სჭირდება. ვფიქრობ, ამას ყველა აღიარებს. თუმცა ასევე არის სენსიტიური შიდა განზომილება, რაც გვესმის საზოგადოების ნაწილისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან და ოპოზიციისგან, რომლებიც სვამენ შეკითხვებს მიმდინარე საქმის ზოგად კონტექსტთან და დროულობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის გასაგებია, რადგან ჩვენ საარჩევნო კამპანიის პროცესში ვართ. ეს ხაზს უსვამს იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ ეს პროცესი წარიმართოს მაქსიმალური სანდოობით, სამართლიანობით, გამჭვირვალობით და სამართლებრივი პროცესის პრინციპების სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

დატოვე კომენტარი