კარლ ჰარცელი - ქართველ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაზე, საქართველომ გაიარა გზა ამ სფეროში სანდოობის მისაღწევად
ქართველ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაზე, საქართველომ გაიარა გზა ამ სფეროში სანდოობის მისაღწევად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა კიბერუსაფრთხოების პირველ ფორუმთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით თბილისში იმართება.
ჰარცელის თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო კარგ პოზიციებზეა და ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.
„ეს ძალიან დროული ღონისძიებაა, რადგან ეს ღონისძიება იმართება საქართველოში განხორციელებული კიბერთავდასხმების შემდეგ და წინასაარჩევნოდ, რაც ყოველთვის მყიფე და დაუცველი პერიოდია. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისთვის დისკუსიის გასამართად. მე ვისაუბრებ ევროკავშირის სახელით. ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ საკანონმდებლო ჩარჩო და შევიმუშავეთ კიბერიერიშებთან გამკლავების სტრატეგია, როგორც ევროკავშირში, ისე პარტნიორებთან ერთად.
ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ინსტრუმენტები, რომელსაც ვიყენებთ ინდივიდუალურ თავდასხმებზე საპასუხოდ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირმა ორი თვის წინ დააწესა ისტორიაში პირველად კიბერიერიშების სანქციები, რაც იყო ევროპაზე მიტანილი იერიშის პასუხი. ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ევროკავშირი ამას სერიოზულად უდგება.
აქ, საქართველოში ჩვენ ვმუშაობთ ქართველ პარტნიორებთან ერთად კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაზე. ვფიქრობ, საქართველომ უკვე გაიარა გარკვეული გზა ამ სფეროში სანდოობის მისაღწევად. ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო კარგ პოზიციებზეა. ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს და სხვა მექანიზმების დანერგვაც არის საჭირო. მათ შორის, საკანონმდებლო, რათა ეს პოზიციები გაძლიერდეს.
ყველაფერი ეს ხდება ორი მიდგომის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, ეს არის უსაფრთხოების გაძლიერება და მეორე მხრივ, არის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვა, პირადი მონაცემების დაცვა და ყველა სხვა ასპექტი, რასაც ასევე უნდა მოვუფრთხილდეთ. ორივე მიდგომა უნდა გაძლიერდეს და გაერთიანდეს, რათა ეს ეფექტური სტრატეგია იყოს. რაც შეეხება, კითხვას ინდივიდუალური შესაძლებლობებსა და საერთაშორისო პარტნიორობაზე, ეს დაკავშირებულია ერთმანეთთან, რადგან არავის მსოფლიოში არ შეუძლია კიბერუსაფრთხოების მარტოს დაცვა. ჩვენ ევროკავშირში ვცდილობთ მაქსიმალურად მულტილატერალური მიდგომის ჩამოყალიბებას, სადაც ყველა პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, მათ შორის საქართველოსთან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.