ენერგეტიკული სექტორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის ციფრული მმართველობის სააგენტომ USAID-თან მემორანდუმი გააფორმა
ენერგეტიკული სექტორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის ციფრული მმართველობის სააგენტომ USAID-თან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის ციფრული მმართველობის სააგენტომ USAID-თან მემორანდუმი გააფორმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კიბერმედეგობის გაძლიერებას. პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოებისა და ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, კერძო სუბიექტების კიბერრისკებისა და საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის გაუმჯობესებას; ასევე, ემსახურება ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, ითვალისწინებს კიბერთავდაცვის და რეაგირების/აღდგენის ღონისძიებების იდენტიფიცირებას და განხორციელებას.

„მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, რათა ენერგიის მიწოდება არ იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. აღნიშნული პარტნიორობა შექმნის ძლიერ, უსაფრთხო ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს კეთილდღეობას და სუვერენიტეტს“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით ნადირაშვილმა, USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილემ, დევიდ ჰოფმანმა და „ენერგო-პრო ჯორჯიის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ მამისეიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე.

ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერინციდენტების მართვის შესახებ გამოცდილებას საქართველოს ენერგეტიკის სექტორს გაუზიარებს, რაც კიბერშეტევებისგან თავის დაცვასა და ინციდენტებზე დროულ რეაგირებას შეუწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, მემორანდუმის ხელმომწერი ყველა მხარე საქართველოს ენერგოსექტორის ერთიანი, მძლავრი, კიბერშეტევებისგან დაცული სისტემის შექმნაში ერთობლივ წვლილს შეიტანს.