კარლ ჰარცელი - გვაქვს კონტაქტი მოვლენებში ჩართულ პირებთან, რათა გავიგოთ, რა არის ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიზნები და გეგმები
კარლ ჰარცელი - გვაქვს კონტაქტი მოვლენებში ჩართულ პირებთან, რათა გავიგოთ, რა არის ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიზნები და გეგმები

ჩვენ გვაქვს კონტაქტი მოვლენებში ჩართულ პირებთან, რათა გავიგოთ რა არის ენგურის ხიდის ჩაკეტვის გადაწყვეტილების მიზნები და გეგმები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს საათებში ამ საკითხზე მეტი დეტალური ინფორმაციის მოწოდებას შეძლებს.

„მას შემდეგ რაც გავიგეთ ვითარების შესახებ, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად ვმუშაობთ, ისინი ვითარებას ადგილზე სწავლობენ. ჩვენ გვაქვს კონტაქტი მოვლენებში ჩართულ პირებთან, რათა გავიგოთ რა არის ამ გადაწყვეტილების მიზნები და გეგმები. იმედი მაქვს, უახლოეს საათებში უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდებას შევძლებ, თუმცაღა, ეს ის საკითხია, რომელსა ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე გუშინ 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა.