კარლ ჰარცელი - ევროკავშირი „რუსთავი 2“-ის საქმეს ყურადღებით დააკვირდება
კარლ ჰარცელი - ევროკავშირი „რუსთავი 2“-ის საქმეს ყურადღებით დააკვირდება

ევროკავშირი „რუსთავი 2“-ის საქმეს ყურადღებით დააკვირდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2“-ის საკითხზე განაცხადა.

მან სარჩელის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მედიაპლურალიზმი დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელია.

„რაც შეეხება სამართლებრივ საქმეს, ის საწყის ეტაპზეა და მე არ შემიძლია, სარჩელის დეტალებზე საუბარი. შემიძლია, მხოლოდ ის ვთქვა, რა თქმა უნდა, მედიაპლურალიზმი საკვანძო და აუცილებელი შემადგენელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით დავაკვირდებით ისევე, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

6 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან ითხოვს ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარს. ნიკა გვარამიას თქმით, ნინო ნიჟარაძე არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, აწ განსვენებული გოგი გეგეშიძის მეუღლე. გვარამია აცხადებს, რომ გეგეშიძეს დაგროვილი ჰქონდა საბიუჯეტო დავალიანება და ეს დავალიანება არ გაუსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ გეგეშიძის დირექტორობის პერიოდში არხზე შესავალი მეტი იყო, ვიდრე არხიდან გასავალი.