კარლ ჰარცელი - დღეს ყველაზე საკვანძო სიტყვა დეესკალაცია და მოლაპარაკებაზე დაბრუნებაა, რათა განიმუხტოს დაძაბულობა
დღეს ყველაზე საკვანძო სიტყვა დეესკალაცია და მოლაპარაკებაზე დაბრუნებაა, რათა განიმუხტოს დაძაბულობა, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, რომლის რეზიდენციაშიც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება.
„თქვენ უკვე მოისმინეთ ჩემი კომენტარები დღეს და ისინი ჯერ კიდევ ვალიდურია. დღეს ყველაზე საკვანძო სიტყვა დეესკალაცია და მოლაპარაკებაზე დაბრუნებაა, რათა განიმუხტოს ამჟამინდელი დაძაბულობა, რაც ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მოვისმინოთ მრავალი განცხადება ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისგან, ევროპიდან და სხვა ადგილებიდან ბოლო 24 საათში. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მე ვმასპინძლობ სტუმრებს ამ საღამოს და ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის მე – შუამავლის როლში და ველოდები ამ საუბრის გაგრძელებას.
ახლა მოვდივარ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრიდან. თუმცა, როგორც ყოველთვის, მე არ ვისაუბრებ დეტალებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიწოდა მე და კოლეგებს, განვიხილოთ არსებული ვითარება, რასაც ძალიან ვაფასებ“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე იმყოფებიან ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, ხატია დეკანოიძე, სერგო ჩიხლაძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები. კარლ ჰარცელთან ერთად, შეხვედრას ესწრება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.