კარლ ჰარცელი - ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, რომ ახალგორის გადასასვლელები გაიხსნას
კარლ ჰარცელი - ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, რომ ახალგორის გადასასვლელები გაიხსნას

ახალგორში მცხოვრები ქალის გარდაცვალება არსებული შემაშფოთებელი სიტუაციის გამომხატველი კიდევ ერთი სიგნალია, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ახალგორში მცხოვრები ქალის გარდაცვალების მიზეზი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის უფლების არ მიცემა გახდა.

„მსურს მივუსამძიმრო იმ ქალის ოჯახს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა ახალგორში. ჩვენ ვერ გავარკვიეთ მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზები და რა მოხდა სინამდვილეში. როგორც ვიცით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები არიან ადგილზე, რომლებიც ფაქტებს სწავლობენ. მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი იყო ის, რომ მას არ მისცეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის უფლება, რათა სათანადო მკურნალობა მიეღო. ეს არის არსებული შემაშფოთებელი სიტუაციის გამომხატველი კიდევ ერთი სიგნალი. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, რომ ეს სასაზღვრო გადასასვლელები გაიღოს. იმედი გვაქვს, რომ რელევანტური წარმომადგენლები ამ ძალისხმევის დროს კონსტრუქციულები იქნებიან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

​ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა.  მისი ინფორმაციით, მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, გუშინწინ საღამოს გახდა ცუდად. ის ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.