კარლ ჰარცელი - ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან თანამშრომლობის განვითარების კუთხით შესაძლებლობები იქნება განხილული
კარლ ჰარცელი - ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან თანამშრომლობის განვითარების კუთხით შესაძლებლობები იქნება განხილული

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან თანამშრომლობის განვითარების კუთხით შესაძლებლობები იქნება განხილული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომელიც მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დღეს ფოთში იმყოფება და ფოთის საზღვაო საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა.

„საქართველოში დღეს საღამოს ჩამოდიან და შევხვდები ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმენეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. იქნება სხვადასხვა დისკუსია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, უფრო ფართო საკითხებზე რეგიონთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება, როგორც უსაფრთხოებას, ასევე ღია კონფლიქტებს. მათ აქვთ ეს მანდატი მიღებული, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჟოზეფ ბორელისგან. იქნება განხილული სხვადასხვა საკითხი ისევე, როგორც შესაძლებლობები თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ხვალ, განხილვების შემდეგ იქნება პრესასთან შეხვედრა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები შეაჯამებენ სამ ქვეყანაში ვიზიტს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

25-26 ივნისს საქართველოს ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ჩამოვლენ.

საგარეო უწყების ცნობით, ალექსანდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს. ვიზიტის დასასრულს კი, გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის და შეაჯამებენ სამხრეთ კავკასიის ტურნეს შედეგებს.