კარლ ჰარცელი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს ეწვია
კარლ ჰარცელი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს ეწვია

დასავლეთ საქართველოში სამდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ფოთში ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. კარლ ჰარცელმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ახლად გახსნილი ფილიალი, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა.

ელჩი შეხვდა აკადემიის სტუდენტებსა და მეზღვაურებს. მან დამსწრეთ მიმართა სიტყვით, რომელშიც ხაზგასმული იყო ევროკავშირის მხარდაჭერა და წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით, რომლებიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის ნავიგაციის უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, და ასევე, განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საერთაშორისო აღიარებისთვის.

„დღეს ჩვენ გვაქვს ვიზიტი, რომელიც არის მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად და მოხარული ვარ, რადგან ვნახე ახალი შენობა. დარწმუნებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ მეზღვაურის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროფესიისა და ამ განათლების არჩევა, ძალიან კარგი ინვესტიცია არის. საქართველოს საზღვაო ინდუსტრია სჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკა განავითაროს. ასევე, მე ძალიან დიდი პატივი მერგო, გამეხსნა ნიკო ნიკოლაძის სახელობის ბიბლიოთეკა. ფოთის პორტი მე-19 საუკუნიდან არსებობს და ეს სიმბოლურია, რომ ჩვენ აქ ვართ, რადგან ეს ასევე აღნიშნავს ევროპასთან კავშირებს. შავი ზღვა, საქართველოს და ევროპას კი არ აშორებს, არამედ აკავშირებს. აქვე მინდა, ვახსენო ევროკავშირსა და საქართველოს სატრანსპორტო კავშირების შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, ამ სფეროში მეტის გაკეთება, უკვე ბევრი ინვესტიციები გვაქვს სხვადასხვა სატრანსპორტო კავშირებში, სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის გზების მშენებლობა, ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზა, პორტები და ასევე შავი ზღვის განვითარება, რათა საქართველო კიდევ უფრო ახლოს გახდეს ევროპისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.