კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფი პირები ბიულეტინის ტოლფასი ცნობის მიღებას ელექტრონულად შეძლებენ
კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფი პირები ბიულეტინის ტოლფასი ცნობის მიღებას ელექტრონულად შეძლებენ

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ეკა ადამია კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გაცდენილი სამუშაო დღეების ანაზღაურების საკითხზე განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, სამინისტროს ცნობის საფუძველზე, ასეთი პირებისთვის საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი გაიცემა.

ეკა ადამიას განმარტებით, სწორედ ეს საბუთი იქნება დამსაქმებლებისთვის ხელფასის გაცემის საფუძველი.

კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, განაცდური დღეები სრულად აუნაზღაურდეთ.

„კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში ხორციელდება ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში მოთავსებას. იზოლაციაში იგულისხმება როგორც თვითიზოლაცია, ასევე ამ პირების საკარანტინო სივრცეებში მოთავსება. ვინაიდან, მათ შორის, არის ბევრი დასაქმებული ადამიანი და ამ პერიოდში მათ ექმნებათ გარკვეული პრობლემები თავიანთ შრომის უფლებებთან დაკავშირებით, ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტის გაცემას, რის საფუძველზეც მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ სრულად აუნაზღაურდეთ განაცდური დღეები. დამსაქმებლებისთვის ეს საბუთი ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება.

გარკვეულ მათგანს ექმნებოდა პრობლემები, რადგან დადგენილი წესით ვერ იღებდნენ სამედიცინო დაწესებულებებში საავადმყოფო ფურცელს და მათი მდგომარეობის გამარტივებისთვის შეიქმნა ეს მექანიზმი. ისინი ელექტრონულად [email protected]ზე განცხადების გამოგზავნის შემდეგ შეძლებენ ცნობის მიღებას, ინფორმაცია ჩვენი მხრიდან გადამოწმდება. ჩვენი მონიტორინგის სამსახური ჩართულია, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირების, ასევე საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების დაკვირვების პროცესში და ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე გვექნება შესაძლებლობა, რომ გავცეთ ეს ცნობა“,- განაცხადა ეკა ადამიამ.

ადამიას განცხადებით, ბოლო ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებში დაახლოებით 97 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 92 პირი იმყოფება.