კანი და სალიჰამიჯიჩი გაანთავისუფლეს - მათ „ბაიერნის“ მორიგმა ჩემპიონობამ ვერ უშველა #1TVSPORT
ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი „ბაიერნის“ დირექტორთა პოსტებს ტოვებენ.
გაზეთები – Bild-ი და Kicker-ი იტყობინებიან, რომ გენერალური და სპორტული დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს კლუბის დამკვირვებელთა საბჭოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ. „ბაიერნმა“ ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა.
„ოლივერ კანთან გამოთხოვება ძალიან რთული იყო. მაგრამ საერთო სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა.
გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ოლივერ კანს მისი საქმისადმი ერთგულების, იდეებისა და ყველაფრის გამო, რასაც ერთად მივაღწიეთ. ის სამუდამოდ დარჩება „ბაიერნის“ მნიშვნელოვან ნაწილად“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა.
როგორც აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის მიუხედავად, რომ „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის ბოლო ტურის შედეგების მიხედვით გაასწრო „დორტმუნდს“ და ზედიზედ მეთერთმეტედ გახდა გერმანიის ჩემპიონი.
„ბაიერნის“ გენერალური დირექტორის პოსტს იან-კრისტიან დრიზენი დაიკავებს. ჯერჯერობით უცნობია, ვის დანიშნავენ სალიჰამიჯიჩის ნაცვლად.