ფიასკოს შემდეგ გერმანელებმა სანაკრებო შტაბი ჩამოაყალიბეს - სამუშაო ჯგუფში ლეგენდები შედიან #1TVSPORT
ფიასკოს შემდეგ გერმანელებმა სანაკრებო შტაბი ჩამოაყალიბეს - სამუშაო ჯგუფში ლეგენდები შედიან #1TVSPORT

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გამოაცხადა, რომ აყალიბებს ჯგუფს რამდენიმე ვეტერანი ვარსკვლავისგან, რათა დაეხმაროს ეროვნულ გუნდს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გამოვარდნის შემდეგ.

„სამუშაო ჯგუფში, რომელიც დაეხმარება ბუნდესნაკრებს ევრო 2024-ისთვის მომზადებაში, შედიან გერმანული ფეხბურთის ლეგენდები – კარლ-ჰაინც რუმენიგე, მატიას ზამერი, რუდი ფიოლერი და ოლივერ კანი, ასევე ოლივერ მინცლაფი“, – განაცხადა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, ბერნდ ნოიენდორფმა.

ამ სიაში ყველაზე საინტერესო ოლივერ მინცლაფია, რომელიც გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, „რედ ბულ ფეხბურთის“ გლობალური ხელმძღვანელი და ყოფილი მორბენალია. ოლივერ მინცლაფმა ორჯერ იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარმარათონზე. 2000-2008 წლებში მუშაობდა სპორტული ტანსაცმლის კომპანია „პუმაში“, სადაც ბოლოს სპორტული მარკეტინგის ხელმძღვანელად დაინიშნა. მას შემდეგ იყო Ferber Marketing-ის მმართველი დირექტორი, სადაც რჩევებს უწევდა ფეხბურთელსა და მენეჯერს, რალფ რანგნიკს, მორბენალ საბრინა მოკენჰაუპტს და პოპმომღერალ ანდრეა ბერგს.

2014 წლის პირველ იანვარს მინცლაფმა დაიწყო მუშაობა Red Bull-ის „გლობალური ფეხბურთის“ ხელმძღვანელის, ჟერარ ულიეს ხელმძღვანელობით, სადაც კოორდინაციას უწევდა ჯგუფის საფეხბურთო საქმიანობას. 2014 წლის 12 ივნისს დაინიშნა აღმასრულებელ დირექტორად „ლაიფციგში“, რომელიც ამჟამად პირველ ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

2015 წლის იანვარში მინცლაფმა დაიწყო მუშაობა Red Bull-ში, როგორც „გლობალური ფეხბურთის“ ხელმძღვანელმა, სადაც შეცვალა ულიე, მაგრამ ის მრჩევლად დატოვა.

ასევე დადასტურდა, რომ ბუნდესნაკრების მწვრთნელი ჰანს ფლიკი თანამდებობაზე 2024 წლამდე დარჩება, მიუხედავად კატარში ნაადრევი გამოვარდნისა.

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ ახლა უნდა მოძებნოს ეროვნული ნაკრების დირექტორის, ოლივერ ბიერჰოფის მემკვიდრე, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს კატარში წარუმატებლობის შემდეგ. რუსეთში გამართული 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, გერმანია ამავე ეტაპზე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოეთიშა – ფლიკის გუნდი დამარცხდა იაპონიასთან (2:1), ფრე ითამაშა ესპანეთთან (1:1) და გაიმარჯვა კოსტა რიკასთან (4:2).

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ევროპის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს.