კანადის პრემიერ-მინისტრი უარყოფს, რომ ტრამპთან საუბრისას დავოსში გაკეთებული განცხადება უკან წაიღო
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ 26 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, რა დროსაც საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
„ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა საკითხების ფართო სპექტრზე, დაწყებული უკრაინის სიტუაციიდან, ვენესუელიდან, არქტიკის უსაფრთხოებიდან. ასევე განვიხილეთ ის, რასაც კანადა აკეთებს პოზიტიურად მსოფლიოში ახალი პარტნიორობების შესაქმნელად. ავუხსენი მას ჩვენი შეთანხმება ჩინეთთან. ავუხსენი, რომ ვდებთ 12 ახალ შეთანხმებას ოთხ კონტინენტზე ექვს თვეში. იგი შთაბეჭდილების ქვეშ იყო. სრულიად ნათლად ვუთხარი პრეზიდენტს, ვგულისხმობდი იმას, რაც დავოსში ვთქვი. ნათელი იყო, რომ კანადა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოსცადა ცვლილება აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკაში, რომელიც მან დაიწყო. და ჩვენ ამაზე ვპასუხობთ. ჩვენ ვპასუხობთ პოზიტიურად საზღვარგარეთ პარტნიორობების შეძენით. ჩვენ ვპასუხობთ პოზიტიურად შიდა მშენებლობით. მან ეს გაიგო და კარგი საუბარი იყო“, – განაცხადა კარნიმ.
მარკ კარნის ჟურნალისტმა ჰკითხა, ტრამპთან საუბრისას უკან წაიღო თუ არა დავოსში გამოსვლისას გაკეთებული განცხადება, რომ წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი ამოიწურა. კანადის პრემიერის თქმით, საკუთარი სიტყვები „არ უარყვია და არ შეუცვლია“.
აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა დღეს განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებული ზოგიერთი სამწუხარო კომენტარი უკან წაიღო.
ცნობისთვის, გასულ კვირას დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ მოუწოდა ერებს, შეეგუონ წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგის დასასრულს და კანადა მოიყვანა მაგალითად, როგორ შეიძლება, „საშუალო ძალებმა“ ერთად იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ამერიკული ჰეგემონიის მსხვერპლად გახდომა.
კარნის გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა ე.წ. მშვიდობის საბჭოში გაწევრიანების შესახებ კანადის მიწვევა გააუქმა და ასევე დაიმუქრა, რომ კანადურ საქონელზე 100%-იან ტარიფებს დააწესებდა.