სკოტ ბესენტი - კანადის პრემიერმა დავოსში გაკეთებული ზოგიერთი სამწუხარო კომენტარის შემდეგ უკან დაიხია, რა თქმა უნდა, კანადა აშშ-ზეა დამოკიდებული
აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებული ზოგიერთი სამწუხარო კომენტარი უკან წაიღო.
„დღეს პრეზიდენტთან ერთად ოვალურ კაბინეტში ვიყავი. ის ესაუბრა პრემიერ-მინისტრ კარნის, რომელმაც უკან დაიხია დავოსში გაკეთებული ზოგიერთი სამწუხარო კომენტარის შემდეგ. რა თქმა უნდა, კანადა აშშ-ზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ბესენტმა.
ამასთან, ბესენტი კანადის პრემიერის ჩინეთში ვიზიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამის გამო ვაშინგტონი ოტავას ტარიფებს თუ დაუწესებს, „ეს კანადისთვის კატასტროფა იქნება“.
ცნობისთვის, გასულ კვირას დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მარკ კარნიმ მოუწოდა ერებს, შეეგუონ წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგის დასასრულს და კანადა მოიყვანა მაგალითად, როგორ შეიძლება, „საშუალო ძალებმა“ ერთად იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ამერიკული ჰეგემონიის მსხვერპლად გახდომა.
„ყოველდღე ახალი მოვლენა შეგვახსენებს, რომ დიდი ძალების მეტოქეობის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ კანონიერებაზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი სრულდება. ძლიერები იმას ჩადიან, რაც შეუძლიათ, სუსტები კი – ითმენენ. საშუალო ძალებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან მაგიდასთან თუ არ ხარ, მენიუში ხარ“, – განაცხადა მარკ კარნიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.
კარნის გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა ე.წ. მშვიდობის საბჭოში გაწევრიანების შესახებ კანადის მიწვევა გააუქმა და ასევე დაიმუქრა, რომ კანადურ საქონელზე 100%-იან ტარიფებს დააწესებდა.