2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურული ციგურაობის გუნდური პირველობა კანადელთა გამარჯვებით დასრულდა.
ფინალურ დღეს შეჯიბრი სამ დისციპლინაში გაიმართა – კაცების თავისუფალი პროგრამა, ქალთა შორის თავისუფალი პროგრამა და წყვილთა ცეკვა. ბოლო დღის დაწყებამდე კანადელები უახლოეს მდევარს, ოლიმპიურ ათლეტებს რუსეთიდან 6 ქულით ასწრებდნენ.
მამაკაცთა შორის საუკეთესო კანადელი პატრიკ ჩანი გახდა. 27 წლის მოციგურავემ, პროგრამა ლეონარდ კოენის კომპოზიციაზე (Halleujah) – შეასრულა. პროგრამაში მან 179,75 ქულა დაიმსახურა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ქალებს შორის 15 წლის რუსმა მოციგურავემ, ალინა ზაგიტოვამ გაიმარჯვა. მან პროგრამა ლეონ მინკუსის “დონ კიზოტზე” პრაქტიკულად უნაკლოდ შეასრულა და 158,08 ქულა მიიღო.
შეჯიბრის დასკვნით ღონიძიებაში კანადურმა წყვილმა, ტესა ვირჩუმ და სკოტ მუარმა პირველობა არავის დაუთმეს, თავიანთ გუნდს მორიგი 10 ქულა შესძინეს და ოლიმპიური ოქრო ოფიციალურად გაიფორმეს.
ეს კანადელთათვის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი იყო. მთლიანობაში მათ, ჯერ-ჯერობით, 5 მედალი აქვთ მოპოვებული.
ვერცხლის მედალი რუს ოლიმპიურ ათლეტებს ერგოთ, ხოლო ბრინჯაო კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიმსახურა.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი(მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე).
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე