კამერუნი მომავალ წელს დაგეგმილი აფრიკის ეროვნებათა თასის მასპინძელი არ იქნება. ეს გადაწყვეტილება კონტინენტის საფეხბურთო ასოციაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ ქვეყანა საჭირო ვადებში ვერ ეტევა და 2019 წლის ივნისისთვის ბევრი საკითხი შესაძლოა მოუგვარებელი დარჩეს.
ასოციაციის პრეზიდენტი აჰმად აჰმადი აცხადებს, რომ ტურნირის გადადება შეუძლებელი იყო საკონტრაქტო ვალდებულებების გამო და რომ ახალი მასპინძელი ქვეყანა წლის ბოლომდე გაირკვევა.
აღსანიშნავია, რომ კამერუნის ეროვნული გუნდი აფრიკის ეროვნებათა თასის მოქმედი მფლობელია. 2017 წელს, გაბონში გამართულ ტურნირზე, „მოუთვინიერებელმა ლომებმა“ ფინალში ეგვიპტე 2-1 დაამარცხეს და პრესტიჟულ ჯილდოს მეხუთედ დაეუფლნენ.