კამალა ჰარისი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო.
„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მძევლები სახლში და დავასრულოთ ტანჯვა ღაზაში“, – წერს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი სოციალურ ქსელში.
ჰარისმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ის და ჯო ბაიდენი ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც მონაწილეობენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მძევლების გათავისუფლების საკითხზე.
„ჰერშ გოლდბერგ-პოლინისა და კიდევ ხუთი მძევლის მკვლელობა იყო სასტიკი, ბარბაროსული აქტი, რომელიც „ჰამასის“ ტერორისტებმა ჩაიდინეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, „ჰამასის“ ლიდერები ამ დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ“, – დასძინა კამალა ჰარისმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს.
მძევლებს შორის არის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი.