კალათბურთელთა განვითარების ლიგაში რეგისტრაცია დასრულდა, 13 აგვისტოს დრაფტია
მოთამაშეთა განვითარების ლიგაში 200 კალათბურთელი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც ლიგის მონაწილე გუნდების მწვრთნელები შემადგენლობას შეარჩევენ. მოთამაშეების არჩევა 13 აგვისტოს, 15:00 საათზე, ZOOM-ის საშუალებით მოხდება, რომელიც კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (www.facebook.com/GeoBasketball) და საიტზე (www.gbf.ge) ონლაინ გაიმართება.
სუპერლიგის სახელით მოასპარეზე თითოეული გუნდი 15 კალათბურთელს აირჩევს, რისი რიგითობის ნომერიც მათ 11 აგვისტოს, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ZOOM-ით გამართულ ონლაინ კენჭისყრისას მიიღეს.
წილისყრის შედეგად გუნდები 2 ჯგუფში გადანაწილდა. შედგა მოთამაშეთა განვითარების ლიგის კალენდარი, რომელიც გუნდების მწვრთნელებს დარეგისტრირებულ მოთამაშეთა სიასთან ერთად გადაეგზავნათ.
დარეგისტრირებულ 200 კალათბურთელს შორის არიან კონტრაქტიანი მოთამაშეებიც, რომლებიც ლიგაში საკუთარი გუნდის სახელით გამოვლენ და 13 აგვისტოს გასამართ დრაფტში მონაწილეობას არ მიიღებენ. კონტრაქტიან მოთამაშეთა სიას მწვრთნელები ლიგის ხელმძღვანელებს წინასწარ გადასცემენ და საკუთარი გუნდის შემადგენლობას 13 აგვისტოს დრაფტზე 15-მდე შეავსებენ.
მოთამაშეთა განვითარების ლიგაში 11 გუნდი და სულ 165 კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას. თითო ჯგუფიდან ნახევარფინალში ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა. ნახევარფინალიც და ფინალიც ერთმატჩიანი იქნება. განვითარების ლიგის თამაშები 17 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (მაყურებელების გარეშე) დაიწყება.
www.gbf.ge