კახური დერბი უგოლოდ დასრულდა, იმერულ დაპირისპირებაში ალეკო ბასილაძემ ჰეთთრიქი შეასრულა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 24-ე ტური „კავკასიონი არენაზე“ გამართული კახური დერბით გაგრძელდა, სადაც „თელავმა“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0. ამ შეხვედრაში აღსანიშნავი მხოლოდ ისაა, რომ „თელავში“ სადებიუტო თამაში საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავადმსხმელმა, ბაჩანა არაბულმა ჩაატარა.
გაცილებით სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა იმერული დერბი – ქუთაისის „ტორპედომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ 6:2 დაამარცხა. 34-ე წუთზე სტუმრებს პაბულუ რიანი გაუძევეს და მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლეს.
მატჩის გმირი ახალგაზრდული ნაკრების ფლანგის შემტევი ალეკო ბასილაძე გახდა, რომელმაც ჰეთთრიქი შეასრულა და პენალტი მოიპოვა, თითო გოლი კი მოჰამედ შერიფის, ფელიპე პირესის და კისლე ზიტას ანგარიშზეა. სტუმრებიდან დუბლით თავი გიორგი ფანცულაიამ გამოიჩინა.