კახეთში სახელმწიფო რწმუნებული – სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია, ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო

11:01, 12.07.2026

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, თელავში სტიქიით მიყენებული ზიანი მასშტაბურია.

როგორც კალმახელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. რაც მთავარია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს შეზღუდვით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, რომელიც დღის განმავლობაში თანდათანობით აღდგება.

ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. შეფასდება ადგილზე სტიქიის მიერ მიყენებული ზიანი სრულად და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. შეკრებილი იყო საკოორდინაციო საბჭო. ყველა სამინისტრო, ყველა უწყება მობილიზებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას სტიქიით მიყენებული ზიანი თელავის მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა კალმახელიძემ.

თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაზიანებულია ავტომანქანები.

მსგავსი