კახა კუკავა - „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხაზინის ნაძარცვ მილიონებს ხარჯავენ არჩევნებში, მე დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას
კახა კუკავა - „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხაზინის ნაძარცვ მილიონებს ხარჯავენ არჩევნებში, მე დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას

აუცილებელია, პოლიტიკურ პარტიებს საშუალება გვქონდეს, ვიდებატოთ ეთერებში და დაახლოებით თანასწორი საშუალება გვქონდეს, რომ ჩვენი კამპანია დავაფინანსოთ, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საჭიროა ფინანსების მარეგულირებელ წესებში ზედა ზღვარი დაწესდეს.

„ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მედიის, ასევე ფინანსების მარეგულირებელ წესებში უნდა იყოს შემოღებული ზედა ზღვარი. აუცილებელია, პოლიტიკურ პარტიებს საშუალება გვქონდეს, ვიდებატოთ ეთერებში და დაახლოებით თანასწორი საშუალება გვქონდეს, რომ ჩვენი კამპანია დავაფინანსოთ. დღეს სამ პარტიას: „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ დაგროვებული აქვთ ხაზინის ნაძარცვი ათეულობით მილიონი, რომელსაც ხარჯავენ არჩევნებში, მე დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას, რაც არ არის თანასწორობა“, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

მას მიაჩნია, რომ ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს და საქართველოს პირობებში, ეს შეიძლება მილიონი ლარი იყოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვითარება გვექნება, რაც დღესაა. ვინც კი მევახშე, ბანკირი, რეკეტიორი და გამომძიებელი იყო, პარტიას ქმნის. ხაზარაძისა და კეზერაშვილის იდეებით რომ არ არის მოხიბლული ამომრჩეველი, იცით, მაგრამ ისინი იმ იმედით არიან, რომ ყულაბას დადგამენ და დაიწყებენ ამომრჩევლის მოსყიდვას“, – აღნიშნ კუკავამ.

მისი თქმით, ამას ნებისმიერი დემოკრატია კრძალავს.

„მხარს ვუჭერთ იმას, რომ საქართველოშიც ეს შეზღუდვები დაწესდეს. ტელევიზიებს ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, დებატებში მოიწვიონ ყველა კვალიფიციური პარტია და არა მისი პირის გემოთი, ვიღაცას ერთი მოსწონს, ვიღაცას მეორე. დებატები რომ იმართება, ყველას იწვევენ და არა იმის მიხედვით, წამყვანს ვინ მოსწონს“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ეკა ბესელია საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. თალაკვაძის თქმით, შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით; მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას. ასევე  უფასო საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე, დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის, სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი.