კახა კუკავა - მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა, ის უბრალოდ გაწირეს ამ ბუტაფორიული პოსტისთვის
კახა კუკავა - მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა, ის უბრალოდ გაწირეს ამ ბუტაფორიული პოსტისთვის

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა, ის უბრალოდ იკავებდა პრემიერ-მინისტრის ოთახს და ვფიქრობ, გაწირეს ამ ბუტაფორიული პოსტისთვის, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავამ მამუკა ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრების სწრაფი ცვლა საპარლამენტო სისტემის დისკრედიტაციას იწვევს.

„ეს არ არის პრემიერის გადაწყვეტილება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. პრინციპში, ამ პრემიერის მოხსნა კი სწორია, მაგრამ პრემიერ-მინისტრების სწრაფი ცვლა იწვევს საერთოდ საპარლამენტო სისტემის დისკრედიტაციას. ამიტომ, ვინც იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი, მას უნდა ჰქონდეს მანდატი და შეძლებისდაგვარად, რეალურად უნდა ხელმძღვანელობდეს მთავრობას.

რაც შეეხება ბახტაძის საქმიანობის შეფასებას, ნულის ნულზე გამრავლება და ნულზე გაყოფა არ შეიძლება. ბახტაძეც იყო, როგორც ამბობენ, საკმაოდ განათლებული, პროფესიონალი კადრი, მაგრამ ის პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა. ის უბრალოდ იკავებდა პრემიერ-მინისტრის ოთახს და ვფიქრობ, ეს ადამიანი გაწირეს ამ ბუტაფორიული პოსტისთვის. რჩევა ივანიშვილს – ვისაც დანიშნავ, ერთი წელი წაშალე მობილურიდან მისი ტელეფონი და დაანებე იმ ადამიანს, მართოს ქვეყანა, რჩევა ახალ პრემიერს – მოაშორე მთავრობიდან პირველ რიგში წულუკიანი“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მამუკა ბახტაძემ დღეს გაარცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.