კახა კუჭავა - ოპოზიციისგან გვესმის ბოიკოტირება, ქუჩის აქციები და სირცხვილის კორიდორები, დროა, გადავიდნენ კონსტრუქციულ ქმედებებზე
კახა კუჭავა - ოპოზიციისგან გვესმის ბოიკოტირება, ქუჩის აქციები და სირცხვილის კორიდორები, დროა, გადავიდნენ კონსტრუქციულ ქმედებებზე

დროა, ისინი გადავიდნენ კონსტრუქციულ ქმედებებზე, პატივი სცენ ამომრჩეველთა ნებას და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ე.წ. ბულინგისგან იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც მათ არ უჭერენ მხარს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ლევან ვარშალომიძის ინიციატივას.

კუჭავა ოპოზიციას მოუწოდებს, ევროპელები და პროდასავლელები მხოლოდ სიტყვებით ნუ იქნებიან.

„21-ე საუკუნეში ვართ და ბოლომდე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა მაქსიმალურად დაუახლოვდეს იმ ჩვენს მთავარ მისწრაფებებს და ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. ხოლო ოპოზიციისგან რაც გვესმის ეს არის ბოიკოტირება, ქუჩის აქციები და სირცხვილის კორიდორები. დროა, ისინი გადავიდნენ კონსტრუქციულ ქმედებებზე, პატივი სცენ ამომრჩეველთა ნებას და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ე.წ. ბულინგისგან იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც მათ არ უჭერენ მხარს, რომელთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათთვისაც გასაკვირი იყო. ახლა ერთადერთი, რაც დარჩენიათ ყველაფერი ქუჩის აქციებით გააგრძელონ. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ნუ იქნებიან მხოლოდ სიტყვებით ევროპელები და პროდასავლელები, ასეთები თავიანთი ქმედებებითაც იყვნენ“, – განაცხადა კუჭავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.

ამასთან, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია ყველგან და ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.