კახა კუჭავა „ნაციონალურ მოძრაობას“ - რატომ არ ესწრება კომიტეტის სხდომას თქვენი დეპუტატი კობა ნაყოფია, რომელიც „არემჯი გოლდს“ ფლობდა
კახა კუჭავა „ნაციონალურ მოძრაობას“ - რატომ არ ესწრება კომიტეტის სხდომას თქვენი დეპუტატი კობა ნაყოფია, რომელიც „არემჯი გოლდს“ ფლობდა

მარტივი კითხვა მაქვს, რატომ არ ესწრება დღეს კომიტეტის სხდომას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი კობა ნაყოფია, რომელიც წლების განმავლობაში ფლობდა „არემჯი გოლდს“, – ასე მიმართა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კომიტეტის სხდომაზე, სადაც გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენდნენ.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, როდესაც კობა ნაყოფია „არემჯი გოლდს“ ფლობდა, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, კომპანიას ყველა ძველ დარღვევაზე პასუხისმგებლობა სრულად ჩამოეწერა.

„ჩემი მარტივი კითხვაა, რატომ არ ესწრება დღეს კომიტეტის სხდომას თქვენი დეპუტატი, თქვენი პარტიის წევრი კობა ნაყოფია, რომელიც წლების განმავლობაში ფლობდა ამ კომპანიას, ამ კომპანიის დირექტორი იყო და დღესაც მეწილეა ამ კომპანიის. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო, როდესაც „ევროპული საქართველოს“ წევრი კაკო ბობოხიძე ამ კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მიიღეთ კანონი, რომელის მიხედვითაც, პასუხისმგებლობა ყველა ძველ დარღვევაზე ჩამოაწერთ მთლიანად კომპანიას. ეს გაფორმდა ხელშეკრულებით და გია გაჩეჩილაძე ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში არაკონსტიტუციურობაზე შეიტანა მაშინ სარჩენი და სასამართლომ ეს დააკმაყოფილა”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, დღეს ოპოზიციისთვის ბოლნისი გახდა საინტერესო, როდესაც პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან არის დაწყებული და იგივე ხდება ჭიათურაში, ზესტაფონში, რუსთავში.

„ამ კომპანიებს სათითაოდ უნდა მიეხედოს და გაეცეს პასუხი, თუ რამე დარღვევები აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან არის დაკავშირებული ეს კომპანია. საინტერესოა, თქვენი ეს  აჟიოტაჟი და განსაკუთრებით ხმამაღალი განცხადებები, რომ თქვენი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა ეს, უბრალოდ სირცხვილია“,  – აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენდნენ.

ლევან დავითაშვილის თქმით, RMG Cooper-ის საქმიანობის შედეგად გარემოზე ზემოქმედების სანებართვო პირობები სხვადასხვა მიმართულებით არის დარღვეული.