კახა კუჭავა - მიხეილ სააკაშვილის უფრო დაბალი დონის თანამდებობაზე დანიშვნას დამატებითი კონსულტაციები სჭირდება
კახა კუჭავა - მიხეილ სააკაშვილის უფრო დაბალი დონის თანამდებობაზე დანიშვნას დამატებითი კონსულტაციები სჭირდება

ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა მიიღეს უკრაინის პარლამენტში და მხარი არ დაუჭირეს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე იმ ადამიანის არჩევას, რომელიც საქართველოში არის ძებნილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უფრო დაბალი დონის თანამდებობაზე დანიშვნას კი დამატებითი კონსულტაციები სჭირდება.

„სწორედ დამატებითი კონსულტაციებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძახებულია ელჩი და ამ კონსულტაციების შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.