კახა კოჟორიძე - „ქართული ოცნება“ ერთი კრიზისის გადასაფარად სხვა კრიზის იგონებს
კახა კოჟორიძე - „ქართული ოცნება“ ერთი კრიზისის გადასაფარად სხვა კრიზის იგონებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრები კინოთეატრ „ამირანთან“ გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

როგორც ორგანიზაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გუშინდელი მოვლენები რუსეთის პროპაგანდისტულ ხაზს ატარებდა და ქართული საზოგადოების გახლეჩვას და არსებული რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდა.

„ლელოს“ წარმომადგენელ კახა კოჟორიძის თქმით, დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის „ქართული ოცნება“.

„უკვე მერვე წელია, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ გამოავლინეს ვერც ცოდნა, ვერც სახელმწიფოებრივი გააზრების უნარი და ვერც კრიზისების მართვის უნარი. „ქართული ოცნება“ ერთი კრიზისის გადასაფარად სხვა კრიზის იგონებს და ვხედავთ, როგორ იფარება კორუფცია ნეპოტიზმით, ნეპოტიზმი სასამართლოში არსებული მძიმე მდგომარეობით, უსამართლობა საპატრიარქოს საკითხით და საპატრიარქოს საკითხი მასობრივი ძალადობით. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის, რომ თავად ხელისუფლება შეიცვალოს“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზსმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე  გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება. მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.

დატოვე კომენტარი