კახა კალაძემ გლდანში, ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა 
კახა კალაძემ გლდანში, ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში იმყოფებოდა, სადაც ვეკუას ქუჩის კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ თბილისის მერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე სამუშაოების ტემპი გამოსწორდა და პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.

„მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, წყალარინებისა და სასმელი წყლის მიწოდების სისტემები; ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება; ელექტრობოძები და სანათები გამოიცვლება; განახლდება ტროტუარები. ასევე, ამ ორ ქუჩაზე მოეწყობა ავტობუსებისთვის ზოლები, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს. იცით, ჩვენი მიზანია, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. აქ იყო გარკვეული პრობლემები სამუშაოების ტემპთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კონტრაქტორ კომპანიასთან და შედეგი სახეზეა. სიტუაცია გამოცოცხლებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე გასახორციელებელ სამუშაოებზე განმარტებები დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული ქუჩები 5 მონაკვეთად დაიყო და სამუშაოებიც ხუთეტაპიანი იქნება.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, რამდენიმე დღეში ხიზანიშვილის ქუჩის კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება დაიწყება, ხოლო რვაკილომეტრიანი ორი ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.