კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„2015 წლის 13 ივნისი ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო. რთულია ახლა ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, რამდენად უძლურები ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად რთული და მძიმე იყო იქ არსებული სიტუაცია. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და ჭრილობებს, ტკივილს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს. ამას უბრალოდ ვეგუებით ადამიანები. ნათელში იყოს მათი სულები. რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო – ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სვანიძის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობისთვის გაცემულ ნებართვას, კახა კალაძის თქმით, ნებართვა 2013 წელს გაიცა.

„სამწუხაროდ, ნებართვა გაცემულია 2013 წელს. როდესაც მოვედით მთავრობაში, აშენებული იყო შენობა-ნაგებობა, თუმცა მას შემდეგ, რაც სამუშაოები ჩატარდა, არსებობს კონკრეტული ადგილები, რომელიც დღეს საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა ეს კონკრეტული პროექტი პრობლემურია, რადგან გვირაბის თავზეა აშენებული. „რედკოს“ მოპირდაპირედ მშენებლობას რაც შეეხება, არანაირი პრობლემა არ არსებობს. დამტკიცებული პროექტი იყო და ნებართვა გავეცით, იყო გარემოს დაცვის სამინისტროდან მიღებული წერილი, რომ ეს ნიშნული პრობლემას არ წარმოადგენს. ვერეს ხეობაში არის ისეთი ადგილები, რომლებიც პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა არის ისეთი მონაკვეთები, რომლებიც მშენებელობისთვის საშიშია და იქ ნებართვები არ გაიცემა“, – განაცხადა კალაძემ.

მემორიალთან მღვდელმსახურებმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

13 ივნისის სტიქიიდან დღეს ოთხი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.