კახა კალაძე - ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი, ცხვირ-პირში მოხვდებათ სიმართლის მუშტი
კახა კალაძე - ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი, ცხვირ-პირში მოხვდებათ სიმართლის მუშტი

ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს და პირველი ვიდეოჩართვა მერმა ხვალ, 22:00 საათზე დააანონსა.

კალაძის თქმით, საზოგადოებას მიაწვდიან „სწორ ინფორმაციას იმ სიცრუეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად მისი მისამართით ისმის“.

„ხვალ, 22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეოჩართვა, სადაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას მოსახლეობას და ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ ცდილობენ კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული განცხადებებით ჩვენ ამ ყველაფერს მივაწვდით მოსახლეობას.

რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად, ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მამოძრავებელი არის, რომ ჩვენ ვართ დაკავებული ჩვენი საქმიანობით და 24-საათიან რეჟიმში ვზრუნავთ იმაზე, თუ რა პროექტები გაკეთდეს, როგორ გამოსწორდეს პრობლემები და როგორ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს დედაქალაქში. ვხვდებით, რომ არჩევნები ახლოვდება და ეს კონკრეტული პოლიტიკოსები თუ მათი ტელევიზიები, ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაშიც ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს შევუშლით და ამის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ.

ასე რომ, ხვალ, 22:00 საათზე გვიყურეთ, რომ გქონდეთ სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე, ყველა იმ სიბინძურეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი მისამართით ისმის. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი. ასე რომ, ხვალ დაელოდეთ 22:00 საათზე იქნება პირველი გადაცემა, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.