კახა კალაძე - ვფიქრობ, ყალბი პირადობის მოწმობების საქმეზე არასამთავრობოებს პროკურატურისთვის სათქმელი არაფერი აქვთ
კახა კალაძე - ვფიქრობ, ყალბი პირადობის მოწმობების საქმეზე არასამთავრობოებს პროკურატურისთვის სათქმელი არაფერი აქვთ

ვფიქრობ, არასამთავრობოებს პროკურატურისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გარკვეული ადამიანების მიერ მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას წამოეგნენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ სცოდნოდათ, ეს არის სიყალბე და სიცრუე, ამას არ გააკეთებდნენ, თუმცა მოხდა, რაც მოხდა. გამოძიება ყველაფერს გვაჩვენებს“, –  განაცხადა კალაძემ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.