კახა კალაძე - ვერ მივიღებდით გენგეგმის ისეთ დოკუმენტს, რომელიც შემდეგ პრობლემებს შექმნიდა
კახა კალაძე - ვერ მივიღებდით გენგეგმის ისეთ დოკუმენტს, რომელიც შემდეგ პრობლემებს შექმნიდა

ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გენგეგმის სრულფასოვანი დოკუმენტი მივიღოთ, რადგან ქალაქის სწორი განვითარება დამოკიდებულია ამ დოკუმენტზე, -ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მერია ვერ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შემდეგ პრობლემებს შექმნიდა.

“გენგეგმა შედგება ექვსი ეტაპისგან. მათგან ხუთი ეტაპის დოკუმენტაცია მიღებული აქვს თბილისის მერიას, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მეექვსე ეტაპი იყო ხარვეზებით. აქ მთელი რიგი მიმართულებებია. ეს არის ტრანსპორტის მიმართულება, ეს არის ეკოლოგიური მხარე, ეს არის ზონირება და ა.შ. ჩვენ ორშაბათს ვგეგმავთ ეს ყველაფერი გამოვაქვეყნოთ და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და  ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სრულფასოვანი დოკუმენტი მივიღოთ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რადგან ქალაქის სწორი განვითარება დამოკიდებულია ამ დოკუმენტზე. შესაბამისად ჩვენ ვერ მივიღებდით ისეთ გადაწყვეტილებას, რომ მიგვეღო ეს არასრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც შემდეგ პრობლემებს შექმნიდა”,- აღნიშნა კალაძემ.

როგორც მერმა განაცხადა, მერიის სამსახურები  მოწადინებულები არიან იმისკენ, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც მომავალში მიიღება, იყოს სრულყოფილი და ქალაქის სწორ განვითარებაზე ორიენტირებული.

“დაველოდოთ, რას მოიტანს “სითი ინსტიტუტი”. თვითონაც ძალიან დიდი მონდომებით მუშაობენ და მონდომებულები არიან, რომ მოხდეს ამ დოკუმენტის სრულყოფა და შემდეგ გავაკეთებთ განმარტებებს”,- აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ ბრიფინგი გამართა და „სითი ინსტიტუტს“ მოუწოდა, დღის ბოლომდე წარედგინათ გონივრული ვადა, როდისთვის შეძლებდნენ გენგეგმის სრულყოფილი დოკუმენტის მომზადებას.