კახა კალაძე „სითი ინსტიტუტს“ მიმართავს, წარმოადგინონ გონივრული ვადა, როდისთვის მოამზადებენ გენგეგმის სრულყოფილ დოკუმენტს 
კახა კალაძე „სითი ინსტიტუტს“ მიმართავს, წარმოადგინონ გონივრული ვადა, როდისთვის მოამზადებენ გენგეგმის სრულყოფილ დოკუმენტს 

დედაქალაქის მერია „სითი ინსტიტუტს“ მიმართავს, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როდისთვის შეძლებენ გენგეგმის სრულყოფილი დოკუმენტის მომზადებას.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის ურბანული განვითარება დედაქალაქის მთავრობის პროგრამული პრიორიტეტია.

“მოსახლეობას დავპირდით, რომ შევინარჩუნებდით თბილისის მიწათსარგებლობის ისეთ გენერალურ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად და სტაბილურ განვითარებას. თბილისის მიწათსარგებლობის ეფექტიანი გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი და პერსპექტიული განვითარებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მიწათსარგებლობის გენგეგმა არის ურთულესი კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შედგება ისეთი საკითხებისგან, როგორებიც არის განაშენიანების გეგმაზომიერი და მდგრადი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურული მატერიალური გეგმის შენარჩუნება და მოვლა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გენგეგმის შესამუშავებლად არქიტექტურის სამსახურისა და “სითი ინსტიტუტს” შორის  ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ორი წლის წინ გაფორმდა, გაწეულია მნიშვნელოვანი სამუშაოები.

“გაწეული სამუშაოების ნაწილი მისაღები და რეალურად გამოსადეგია ქალაქის განვითარებისთვის, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ჩვენს ქალაქს. კონტრაქტორ კომპანიას, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა სამწუხაროდ გენგეგმის მეექვსე, დასკვნითი დოკუმენტი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მთავრობას დღეს ეწურება ვადა, გამოაცხადოს გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას, მის დასკვნით დოკუმენტს.

“ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის ჩვენ ვერ მივცეთ საკუთარ თავს უფლებას, დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი. ჩვენ ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას იმ სამუშაოებს, რომელიც ამ პროცესში “სითი ინსტიტუტმა“ გასწია. პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და ზოგადად ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება და ყველაფრის გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარ რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას. ჩვენი მხრივ, მერია და მერიის მთელი სამსახურები სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რომ გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა, რათა იყოს მიღებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა”, – განაცხადა კახა კალაძემ.