კახა კალაძე - თორნიკე რიჟვაძე მოწესრიგებული, განათლებული ადამიანია, ასეთი ახალგაზრდები სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას
კახა კალაძე - თორნიკე რიჟვაძე მოწესრიგებული, განათლებული ადამიანია, ასეთი ახალგაზრდები სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას

თბილისის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ განიხილება, მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კალაძე განმარტავს, რომ რიჟვაძე ენერგეტიკის უწყებიდან მისი წასვლის შემდეგ, ილია ელოშვილის მოადგილე იყო.

კახა კალაძე თორნიკე რიჟვაძეს დადებითად ახასიათებს.

„თორნიკე რიჟვაძე ჩემი მინისტრობის დროს, ჩემი მოადგილე არ ყოფილა. მე რომ წამოვედი, ილია ელოშვილის მოადგილე იყო. თუმცა, მას ვიცნობ. ჩვენ დიდი ხანი გვიწევდა თანამშრომლობა, ის იყო ერთ-ერთი სერიოზული კომპანიის „ტატა ჯგუფის“ მთავარი იურისტი და იმ პროექტებს ხელმძღვანელობდა, რომელიც განხორციელდა აჭარაში. დაახლოებით 400 მილიონის ინვესტიცია განახორციელა ამ კომპანიამ. რიჟვაძე არის უპატიოსნესი ადამიანი, მოწესრიგებული, განათლებული და ვფიქრობ, ასეთი ახალგაზრდები სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით შესაბამის განცხადებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გააკეთებს.

„მოდით, დაველოდოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. პრემიერი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა გუშინ  დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე პირი განიხილება, საიდანაც ყველაზე რეალური „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაა.