აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე განიხილება
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე განიხილება

შემიძლია, დავადასტურო, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად ნამდვილად განიხილება თორნიკე რიჟვაძე, – ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიული კონსულტაციები რამდენიმე კანდიდატურაზე მიმდინარეობს.

„კონსულტაციები კიდევ ორ დღეს ადგილზე, შემდეგ კი პრეზიდენტთან გაგრძელდება“ – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, საღამოს არაფორმალურ გარემოში შეიკრიბნენ, რა დროსაც კონსულტაციები სავარაუდოდ აჭარის თავმჯდომარეობის კანდიდატებზე გამართეს.

დღეს არაოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის რამდენიმე კანდიდატი დასახელდა: თორნიკე რიჟვაძე ”საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აჭარის ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დღეს თანამდებობა დატოვა.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განაცხადა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს.