კახა კალაძე - თბილისს ფონდი „ქართუსგან“, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან საჩუქრად ერგო ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, მადლობა ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის
კახა კალაძე - თბილისს ფონდი „ქართუსგან“, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან საჩუქრად ერგო ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, მადლობა ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეკრეაციული სივრცეების არსებობას ქალაქში, პარკების განახლებას, რეაბილიტაციას, სკვერების კეთილმოწყობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისი ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, ბოლო წლებში იყო ძალიან ცუდი ტენდენცია. რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე, სკვერების ადგილზე, სპორტული მოედნების ხარჯზე ხდებოდა ქალაქში მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია.

„როდესაც ჩვენ მოვედით ქალაქის მთავრობაში, პირველივე დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა, მივიღეთ ქალაქის განაშენიანების გეგმა, შევაჩერეთ ქაოტური განაშენიანება და ახლა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალი სკვერების მშენებლობას, არსებული პარკების განახლება-რეაბილიტაციას. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თბილსიში ცხოვრობს და თბილისში ჩამოდის, თვალშისაცემია ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები. ჩვენ გზაგამყოფებსაც არ ვტოვებთ გამწვანებების გარეშე, სადაც ამ პროექტების განხორციელება შესაძლებელია. ყველას კარგად გვესმის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში და ჩვენ ასეთ პროექტებით ხელს შევუწყობთ იმას, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული. მხოლოდ გამწვანებით ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემის გამო.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო გუშინდელი ფაქტი, გუშინ თბილისის მუნიციპალიტეტს ფონდი „ქართუსგან“, ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან საჩუქრად ერგო ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც 40 ჰექტრამდეა. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევევით, პირადად ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის. ყველაზე მთავარი არის ის, რომ თავად პროექტის განხორციელება, სამუშაოების განხორციელება, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდება, ამ ხარჯებს თავად ფონდი „ქართუ“ გაიღებს, რისთვისაც მადლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ცენტრალური პარკის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.