კახა კალაძე მზადყოფნას გამოთქვამს, აქციის მონაწილე ტაქსის მძღოლებს შეხვდეს
კახა კალაძე მზადყოფნას გამოთქვამს, აქციის მონაწილე ტაქსის მძღოლებს შეხვდეს

თბილისში, ტაქსებით მომსახურების სფერო აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ლეიბორისტული პარტიისა“ და ტაქსების მძღოლების ნაწილის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებმაც მანქანების თეთრად გადაღებვა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლა გააპროტესტეს.

კახა კალაძის თქმით, მზად არის, შეხვდეს ტაქსის მძღოლებს და განიხილოს ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც დღევანდელი აქციის მონაწილეებს აწუხებთ.

„რეფორმა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიმართულება აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და პირობას გაძლევთ, მოწესრიგდება. ასევე მნიშვნელოვანია ის სიკეთეები, რომელიც გათვალისწინებულია ტაქსის მძღოლებისთვის. არ მინდა, ეს კონკრეტული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანო, რადგან პოლიტიკური პარტია არის აქციის ორგანიზატორი და თავს შევიკავებ კომენტარისგან.

ტაქსის მძღოლებს ჩვენთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ და არც ახლა არ არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეეძლოთ მოსვლა და მათ მიერ ყველა დასმულ კითხვას შესაბამისი კომპეტენტური პასუხები გაეცემოდა. კიდევ ერთხელ აიხსნებოდა ის სიკეთეები, რაც შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულებები ჩემთვის არ არის მისაღები. რეფორმა მნიშვნელოვანია, საკმარისი დრო არის, რათა შეძლონ ამის მოგვარება და მოწერიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო, ჩართულობა, დედაქალაქის მერია მზად არის, შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც აწუხებთ“, – განაცხადა კალაძემ.

აქციის მონაწილეები დღეს „ვაგზლის მოედნიდან“ მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია იქ გააგრძელეს. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტაქსების მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა. მერმა აღნიშნა, რომ ლიცენზიის ორი მიმართულება იქნება. მისი თქმით, A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს აქვთ ვალდებულება, ჰყავდეთ თეთრი ავტომობილი. ამასთან, A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემათ სპეციალური მანათობელი. რაც შეეხება B კატეგორიის ლიცენზიანტებს, მათ არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვისა და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას.