კახა კალაძე - საქართველოში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოებისა და ორიენტაციის ადამიანები, მათი უფლებები ყოველთვის იქნება დაცული
კახა კალაძე - საქართველოში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოებისა და ორიენტაციის ადამიანები, მათი უფლებები ყოველთვის იქნება დაცული

ძალიან ცუდი სანახავი იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ. რაც გუშინ მოხდა, ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე საქართველოში ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით გამართულ აქციებსა და განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების ადამიანები, განსხვავებული სარწმუნოების ადამიანები, ასევე განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები და ყველას უფლებები ყოველთვის იყო დაცული, დღესაც იქნება დაცული და მომავალშიც“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მსგავსი პროტესტის სხვა ორგანიზატორები ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მუშაობენ და მათ პასუხს სწორედ ამიტომ არ სთხოვენ, კალაძე ამბობს, რომ ამ ადამიანებისა და ოპოზიციის სახით არსებობს ორი ძალა, რომლებიც ერთმანეთს აცოცხლებენ.

„ჩვენ გვაქვს ორ რადიკალურ ძალასთან საქმე, ერთი იმ ადამიანების სახით, ვინც ჩამოთვალეთ და მეორე ოპოზიცია. ეს არის ის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს აცოცხლებს. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და სწორ ანალიზსაც გააკეთებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე  გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება. მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.

დატოვე კომენტარი