კახა კალაძე – საპატიო მოქალაქის წოდება მხოლოდ ჯილდო არ არის, ეს არის თბილისის მადლობა ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი აჩუქეს
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.
კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა.
კახა კალაძის თქმით, იყო თბილისელი, ნიშნავს საკუთარი ქალაქის წინაშე პასუხისმგებლობას — გიყვარდეს, ზრუნავდე და უფრთხილდებოდე მას, ხოლო თბილისის საპატიო მოქალაქეობა განსაკუთრებული პატივი და, ამავდროულად, უფრო დიდი პასუხისმგებლობაა.
„მოგესალმებით, მეგობრებო. მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმრებს. განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს — ყველას, ვისთვისაც თბილისობის დღესასწაული მხოლოდ კალენდარში მონიშნული თარიღი არ არის. თბილისი თავად არის მუდმივი დღესასწაული — თავისი ისტორიით, კულტურით, მრავალფეროვნებით, განსაკუთრებული ხასიათითა და სიცოცხლის სიყვარულით. ამის დასტურია ისიც, რომ ეს ორი დღეა, თბილისის ქუჩები სავსეა სხვადასხვა თაობის ადამიანებით. ისტორიებით სავსე ქალაქში ერთმანეთს ხვდებიან თაობები, უზიარებენ მოგონებებს და საკუთარ ამბებს ჩვენი დედაქალაქის საერთო ისტორიის ნაწილად აქცევენ. თბილისის სიყვარული ამ ქალაქის ყველაზე დიდი ტრადიციაა. და რადგან ტრადიცია ვახსენე, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია უნდა გავიხსენოთ. თბილისი, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი ქალაქი, პირველ რიგში, ადამიანების შრომაზე, მათ ნიჭზე, შემოქმედებასა და საქმიანობაზე დგას. თბილისის ნამდვილი ისტორია სწორედ იმ ადამიანების ისტორიაცაა, რომლებმაც საკუთარი ცოდნით, ნიჭით, შრომითა და სიყვარულით ამ ქალაქს თავისი კვალი დაატყვეს.
თბილისზე საუბრისას ხშირად ვახსენებთ მის ძველ უბნებს, აივნებს, ქუჩებს, არქიტექტურას, ისტორიასა და კულტურას — ყველაფერს, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის. მაგრამ ჩემთვის თბილისი პირველ რიგში ადამიანებია. ადამიანები, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ; ადამიანები, რომლებმაც თბილისი საკუთარ სახლად აირჩიეს; ადამიანები, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი, ცოდნა, ნიჭი და შრომა აჩუქეს. თბილისის განსაკუთრებული ხასიათიც სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს — ქალაქი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო განსხვავებული ადამიანების მიღება, მათი გაერთიანება და მათთვის ერთი საერთო სახელის დარქმევა — თბილისელი.
იყო თბილისელი, ნიშნავს პასუხისმგებლობას საკუთარი ქალაქის წინაშე — გიყვარდეს, ზრუნავდე და უფრთხილდებოდე მას. ხოლო იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, განსაკუთრებული პატივია და, ამავდროულად, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა. საპატიო მოქალაქის წოდება მხოლოდ ჯილდო არ არის. ეს არის თბილისის მადლობა ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი აჩუქეს.
ეს ნიშნავს, დაიმსახურო თბილისელების პატივისცემა და სიყვარული. იყო ადამიანი, რომლის საქმიანობაც უკვე ამ ქალაქის ისტორიის ნაწილია. მე, როგორც თბილისის მერი, ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებმაც თბილისს ცოდნა დაუტოვეს, თბილისური კულტურა შექმნეს, ემსახურებოდნენ მეცნიერებას, ხელოვნებას, სპორტს, საზოგადოებას; ადამიანები, რომლებიც ხშირად უხმაუროდ, ყოველდღიური შრომით ქმნიდნენ ამ ქალაქის წარმატებას. დღეს ჩვენ მათ ვეუბნებით — თბილისს ახსოვს თქვენი შრომა, აფასებს თქვენს ღვაწლს და ამაყობს თქვენით. ქალაქები შენობებით, ქუჩებითა და ინფრასტრუქტურით შენდება, მაგრამ ქალაქის სულს ადამიანები ქმნიან. და თბილისის ყველაზე დიდი სიმდიდრე ყოველთვის მისი ადამიანები იყვნენ და იქნებიან. ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის, განსაკუთრებული პატივია დღეს ჩვენი ქალაქის სახელით ამ ადამიანებს ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ვუთხრა — მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით. მადლობა იმ კვალისთვის, რომელიც ამ ქალაქში დატოვეთ. და მადლობა იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობით თბილისს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ქალაქად აქცევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 32 ადამიანს მიენიჭა.