კახა კალაძე - ოპოზიციური მაუწყებლების არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას მივესალმები
კახა კალაძე - ოპოზიციური მაუწყებლების არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას მივესალმები

საკადრო ცვლილებები არის კერძო მესაკუთრის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი და მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობს სიტყვის თავისუფლება.

„არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ამ საკითხზე ჩემი შეფასება. საკადრო ცვლილებები არის კერძო მესაკუთრის გადაწყვეტილება. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობს სიტყვის თავისუფლება, მნიშვნელოვანია, რომ არის მედიაპლურალიზმი. როგორც მოვისმინეთ, ეს ადამიანები აპირებენ ახალი ტელევიზიის შექმნას. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად ქვეყნისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ის, რომ არსებობდეს ოპოზიციური ტელევიზიები, ოპოზიციური მაუწყებლები, სააგენტოები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას მივესალმები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება. სალიას განცხადებით, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა თანამშრომლები.

გუშინ საღამოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, დინა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათ შესაბამისი განცხადება „კურიერის“ 9-საათიანი გამოშვების დაწყებისას გააკეთეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა. „კურიერი“ ეთერში არც დღეს გასულა.

დატოვე კომენტარი