კახა კალაძე - პოლიტიკოსს დასავლეთმა კი არა, მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ კუბილიუსის მსგავსი ტიპაჟი თუ დაუჭერს მხარს, ამით გამარჯვებას მიაღწევენ, თუ რა მოხდება?
კახა კალაძე - პოლიტიკოსს დასავლეთმა კი არა, მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ კუბილიუსის მსგავსი ტიპაჟი თუ დაუჭერს მხარს, ამით გამარჯვებას მიაღწევენ, თუ რა მოხდება?

პოლიტიკოსი რომ ხარ და პოლიტიკური პარტია რომ გაქვს, დასავლეთმა კი არა, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას: „სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია არის სუსტი და არ დაუჭერს მხარს დასავლეთი, ამიტომ უნდა გაძლიერდეს ძველი სახეებით. როგორ ფიქრობთ, ლომჯარიას თუ დაუჭერს მხარს დასავლეთი?“.

კალაძის თქმით, ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ქვეყანაში, ქართულ პოლიტიკაში და დამოკიდებული არიან ე.წ. მეგობრებზე, უცხოელ პარტნიორებზე.

„ნახეთ, რამხელა უბედურების წინაშე დგანან ეს ადამიანები, ეს მათი არჩევანია, არ დავიწყებ ვინმეზე რაღაც სწავლებას. ამ ადამიანებს ვერ გაუაზრებიათ და ანალიზიც არა აქვთ გაკეთებული, მაშინ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ, რა გაუკეთეს ამ ქვეყანას და ამ ქვეყანაში მცოხვრებ ადამიანებს. არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, როგორი მმართველობა იყო. დღესაც ვერ გაუაზრებიათ და ნახეთ თუნდაც მათი განცხადებები, მხარს დაუჭერსო დასავლეთი. დასავლეთმა კი არა, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი, პოლიტიკოსი რომ ხარ და პოლიტიკური პარტია რომ გაქვს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მიმანიშნებელი, რომ ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ქვეყანაში, ქართულ პოლიტიკაში და დამოკიდებული არიან ჩვენს ე.წ. მეგობრებზე, უცხოელ პარტნიორებზე. და ამით რა? ახლა ვიღაცა უცხოელი კუბილიუსი, თუ კუბილიუსის მსგავსი ტიპაჟი დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ ან ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს, ვინც არიან დღეს ოპოზიციურ ფრთაზე წარმოდგენილი, ამით გამარჯვებას მიაღწევენ, თუ რა მოხდება? რა არის ეს, რისი მანიშნებელია? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხის და ამ ქვეყანაში მცოხვრები ადამიანების მხარდაჭერაა პირველი. დღეს „ქართული ოცნება“ რატომაა ასე ძლიერად წარმოდგენილი, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უჭერს მხარს იმ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაშია, გუნდს, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცოხვრები ადამიანების ინტერესებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ნინო ლომჯარიას სახაროვის სახელობის პრემიაზე წარდგენას, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ „ალბათ მომავალში ნობელის პრემიაზე წარადგენენ“.

რაც შეეხება კითხვას, „პოლიტიკურ წრეებში საუბარია ე.წ. ნეიტრალური პლატფორმის შექმნაზე, დასახელდა ლომჯარიას გვარიც, ასევე სახელდებიან სხვა პლატფორმებიც, რა მიზნები აქვთ მათ?“, – კალაძის თქმით, შესაძლოა, განსხვავდებოდეს გვარები, თუმცა რეალურად, შინაარსობრივად ისინი ერთნი არიან და მნიშვნელობა არ აქვს, რა სახელებით ან რომელ პლატფორმაზე წარდგებიან.

„არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი ადამიანები არიან. შეიძლება, გვარები განსხვვადებოდეს, მაგრამ შინაარსობრივად ესენი ყველა ერთნი არიან. იცით, რომ ქვეყანაში ბევრნი არიან უცხოური გავლენის აგენტები და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ისინი რა სახელებით ან რომელ პლატფორმაზე წარდგებიან. დღეს შეიძლება, ნაცები იყვნენ, ხვალ „დროა“ იქნება, „ევროპული საქართველო“, ზეგ „ლელო“, და ა.შ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცის ყველა პოლიტიკოსის, თუნდაც პოლიტიკური პარტიის სულისკვეთება, მიდგომები და დამოკიდებულება ქვეყნის, ხალხის მიმართ. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა იღებს სწორ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება და მიდგომები გაგრძელდება მომავალშიც, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და მოვახდინოთ ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია“.

ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა: „ხაბეიშვილი ბევრს მუშაობს, გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგრამ გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია“.