მიხეილ სააკაშვილი - ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია
მიხეილ სააკაშვილი - ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია

ნებისმიერი დაყოფა გვაკარგვინებს საერთაშორისო მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენს საზოგადოებას წინ აქვს დიდი გამოწვევები. ნებისმიერი დაყოფა გვაკარგვინებს საერთაშორისო მხარდაჭერას, ვინაიდან ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია. რაც მთავარია, ეს პირადი წვრილმანი ამბიციები და კინკლაობა იწვევს გულგრილობას ჩვენს ხალხში. ივანიშვილმა ბევრჯერ სცადა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, ზოგჯერ ეს ხდებოდა მისი ჩარევის გარეშეც, ცნობილი სახეების ამბიციების გამო. ამან ჩვენი საერთო საქმე ძალიან დააზარალა. 2018 წელს რომ არ ყოფილიყო ბაქრაძის ცალკე საპრეზიდენტო კანდიდატურა, ოპოზიცია პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს და ისტორია სულ სხვაგვარად წარიმართებოდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უნდა იყოს უფრო გახსნილი და უფრო მეტი შიდა დემოკრატიით, ვიდრე ოდესმე.

„ლევან ხაბეიშვილი ძალიან ბევრს მუშაობს და ავლენს უშიშრობას, ჩვენ გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგალითად, სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ალექსანდრე კრევო-ასათიანი, მაგრამ ძალიან გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, კობა ნაყოფიას, გიორგი კირთაძისა და ეკა ხერხეულიძის წინ წამოწევა. ისევე, როგორც გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია. ჩვენს მიდგომებს იმაზე ვერ ავაგებთ, ვინმესგან როდის, რა გვეწყინა. მთავარია, ადამიანი ქვეყნის ერთგული იყოს და ბრძოლაში გამოიჩინოს თავი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.