კახა კალაძე - ოპოზიციასთან მოლაპარაკებები თუ ვერ მოხერხდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით
კახა კალაძე - ოპოზიციასთან მოლაპარაკებები თუ ვერ მოხერხდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით

ოპოზიციასთან მოლაპარაკებები თუ ვერ მოხერხდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში, ეს პირველ რიგში ქვეყნის იმიჯს აზარალებს.

„თუ ისინი უარს იტყვიან და არ ჩაერთვებიან ამ მოლაპარაკებებში, რაც სამწუხაროა და ძალიან ცუდია, ეს პირველ რიგში აზარალებს ზოგადად ქვეყნის იმიჯს, ცუდია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველანაირი თვალსაზრისით. კარგი იქნებოდა, მომხდარიყო კონსენსუსის მიღწევა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა თუ ვერ მოხერხდება ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები წყდება.