კახა კალაძე - „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ჩანაწერები ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია
კახა კალაძე - „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ჩანაწერები ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ჩანაწერები, რომლებიც „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ვრცელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ვიღაც ორი ადამიანი, ვთქვათ, ჩემზე ან რომელიმე ადამიანზე რომ საუბრობდეს და ეს საუბარი ჩაწეროს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც დამნაშავეა. თუმცა გამოძიება უნდა დაიწყოს და როგორც ვიცი, დაწყებულია. რა თქმა უნდა, უნდა გაირკვეს და თუ ვინმეს რამე დანაშაული მიუძღვის, პასუხი ყველამ უნდა აგოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ განცხადებით კახა კალაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ უნდა დაუკავშიროს საზოგადოებამ ამ საუბრის შინაარსი „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როცა იქ პირდაპირ არის ნახსენები პარტია ,,ქართული ოცნება“, საუბარია სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე და ნახსენებია ყოფილი მინისტრების გვარები.

ტელეკომპანია „იბერიას“ მიერ დაფინანსების წყაროს შეზღუდვაზე განცხადების გავრცელების შემდეგ, ფარული ჩანაწერი რამდენჯერმე გავრცელდა, რომელშიც ლევან ყიფიანი ფიგურირებდა. ჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყიფიანი გამოიკითხა.

ტელეკომპანია „იბერიამ“ განცხადება 7 სექტემბერს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.