კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს

„ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს, მაგრამ ვალდებული ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ სხდომის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომიდან გაიქცა, რაც მათ სჩვევიათ.

„სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიქცა. ეს მათ სჩვევიათ, არ უნდა გაგვიკვირდეს. პატივს ვცემ მთლიანად საკრებულოს, პატივს ვცემ მოსახლეობას. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება, ვიღაც იყოს პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, შეიძლება, იყოს სხვა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, ვალდებული ვარ, ყველა დასმულ კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს, მაინც ვუპასუხო“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლილე ლიპატრელიანის კითხვას მერიაში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ძმის დასაქმებასთან დაკავშირებით, კალაძის თქმით, ის კონკურსის წესით დასაქმდა.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს და ის მოხვდა მხოლოდ კონკურსით. სხვათა შორის, მან ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და საკმაოდ საინტერესო,  თავის „ფეისბუქ“ გვერდზე. ვისაც აქვს ინტერესი, შეუძლია, მისი განცხადება იხილოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ანგარიში წარადგინა,  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მანამდე კი,  მერს კითხვები დაუსვეს.